იმერეთი


ღირშესანიშნაობები
 
ბაგრატის ტაძარი
 
ქუთაისში, უქიმერონის გორაზე, მდებარეობს გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო და ერთიანი საქართველოს პირველი მეფის- ბაგრატ III-ის სახელის მატარებელი ტაძარის ნანგრვები.
ტაძრის მშენებლობა დაიწყო X საუკუნის ბოლო მეოთხედში და დამთავრდა 1003 წელს. იგი აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მისი კურთხევა ბაგრატ მეფეს განსაკუთრებული ზეიმით აღუნიშნავს.
 
გელათის მონასტერი
 
ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
 
უბისის მონასტერი
 
დასავლეთ საქართველოში, სოფელ უბისის მისადგომთან შემორჩენილია სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები. აქ დგას ძველი დარბაზული ეკლესია, კოშკი-გოდოლი და თაღოვანი კარიბჭე, იქვეა უფრო გვიანდელი სამრეკლო. აღმოსავლეთის ფასადის პირდაპირ აღმართული კოშკი-გოდოლის სამხრეთ კედლის წარწერა გვამცნობს, რომ მონასტერი და კოშკი 1141 წელს აუშენებიათ.
ტაძრის უძველესი და ძირითადი ნაწილი ერთნავიანი, ერთაფსიდიანი დარბაზული ტიპის ეკლესიაა. თავდაპირველად ეკლესიას ორი მინაშენი ჰქონდა: სამხრეთისა და დასავლეთის გადაუხურავი კაბიბჭეები. ეკლესიაში შემორჩენილი საკურთხევლის დაბალი კანკელი, არქაული ფორმების მიუხედავად, ეკლესიის თანადროული უნდა იყოს. კოშკი მესვეტის საცხოვრებლად იყო განკუთვნილი.
 
მოწამეთას სამონასტრო კომფლექსი
 
აგებულია წმინდა ძმების დავითისა და კონსტანტინეს(მხეიძეების) უკვდავ საყოფად. ისინი იყვნენ არაგვთა ერისთავები, რომლებიც VIII საუკუნეში შემოსეულ არაბთა ლაშქარს მცირე რაზმით თავგანწირულად შეებრძოლნენ, დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად,ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ, შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა მურვანმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება ვაჟკაცურად აიტანეს და მოწამეთა გვირგვინით შეიმოსნენ. დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ამ ეკლესიაში ინახება.
 
ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.)
დაცული ტერიტორია
 
სათაფლიის ნაკრძალი
 
სათაფლიის ნაკრძალი ქ. ქუთაისს ჩრდილო -დასავლეთით 6 კმ. დაშორებით ესაზღვრება. ქუთაისიდან სოფელ ბანოჯის მიმართულებით გაყვანილია მოასფალტებული საავტომობილო გზა.
სათაფლიაზე არსებული დინოზავრის ნაკვალევი, რომელიც ათეულობით მილიონ წელს ითვლის, მსოფლიო მასშტაბისაა და ერთ-ერთი იშვიათი ძეგლია , რომლის ახლოს მდებარეობს კარსტული გამოქვაბული გამჭირვალე სტალქტიდებითა და სტალგმიტებით.
 
აჯამეთის აღკვეთილი
 
აღკვეთილი იმერეთის მხარეში ქუთაისიდან 15 კმ-ზე. დაარსდა 1935 წელს, ფართობი 4848 ჰა. შექმნილია ორი მასივისაგან: აჯამეთის მუხნარისა (3742 ჰა, მდ. რიონის მარცხენა შენაკადებს — ყვირილასა და ხანისწყალსშორის) და ვარციხის მასივისაგან (1106 ჰა, ხანისწყლის მარცხენა მხარეს).
აჯამეთის აღკვეთილში შემონახულია კოლხური ტიპის იმერული მუხისრელიქტური ტყეები (მუხნარების ხნოვანება 120-200 წლეებს შორის მერყეობს), კავკასიური ძელქვის წმინდა კორომები (1,5 ჰა) და აგრეთვე ჰარტვისის მუხა. აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალში წარმოდგენილია ტყის სხვა ჯიშებიც: იფანი,კავკასიური რცხილა, მინდვრის ნეკერჩხალი, პანტა, თამელი.
 
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
 
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში და წარმოადგენს მცირე კავკასიის ნაწილს. ეს პარკი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში – იგი 76 000 ჰექტარზე მეტს მოიცავს, რაც საქართველოს ფართობის თითქმის 1%-ს შეადგენს.
მთის ტყეების დიდი ნაწილი შემორჩენილია ხელუხლებელ მდგომარეობაში. მრავალრიცხოვანი ენდემური და რელიქტური ფლორის ნიმუშები, აგრეთვე ფაუნის იშვიათი წარმომადგენლები შეგიძლიათ იხილოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყეებში, მის სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.

No comments:

Post a Comment