გურია

                                         

                                            ბახმარო





ბახმარო — მაღალმთიანი კლიმატური კურორტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში. ზღვის დონიდან 1926-2050 მ, შავი ზღვის სანაპიროდან პირდაპირი ხაზით 50 კმ. რკინიგზის უახლოესი სადგურია საჯავახო. ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით

ლეგენდის თანახმად კურორტის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მარო თურქებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს კი ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: "ბახ მარო" - ნახეთ თქვენი მარო.

ბახმაროს ჰაერის უნიკალური სამკურნალო თვისებები პირველად ამ მხარეში ზაფხულის საძოვრებზე ამოსულმა მწყემსებმა აღმოაჩინეს, როცა ჭლექით დაავადებული ერთ-ერთი მათგანი აქაურმა ჰაერმა სასწაულებრივად სწრაფად და საბოლოოდ გამოაჯანმრთელა.
ბახმაროში იმყოფებოდა ქართველო ეთნოგრაფი თედო სახოკია 1895 წელს. მისი აღწერით იმ დროს ბახმაროში სულ რამდენიმე სახლი თუ იდგა. მისასვლელად გამოიყენებოდა საცალფეხო ბილიკები ვანისქედიდან, მეწიეთიდან, ვაკიჯვრიდან და ხევიდან. სამანქანო გზა ბახმაროს მიმართულებით XX საუკუნის 80-იან წლებში გაკეთდა.

ტურიზმი - საუკეთესო დრო დასვენებისთვის არის ივლისი და აგვისტო. 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ბახმაროში ყოველწლიურად იმართება დოღი და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები.

                                            ურეკი

დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზ.დ. 4 მ. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია მდინარეების სეფასა სუფსის შესართავებით, ხოლო აღმოსავლეთიდან აკრავს წვერმაღალას მთა. დაბის სტატუსი მიენიჭა 1953 წელს. მოსახლეობა 1,4 ათასი (2005). ურეკში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის სარკინიგზო ხაზზე. გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2
ურეკი ძველი დროიდანვე დასახლებული პუნქტი იყო. მდინარე სუფსის შესართავთან სხვადასხვა დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთების რამდენიმე განძი. დათარიღებაში აზრთა სხვადასხვაობაა: ძვ. წ. XVIII, XVII სს. (დ. ქორიძე და ა. რამიშვილი), ძვ. წ. XV, XIV სს. (თ. მიქელაძე). განძი მნიშვნელოვანია კოლხური ბრინჯაოს პერიოდიზაციის, წარმომავლობისა და ტიპოლოგიური ევოლუციის თვალსაზრისით. 1942 წელს ზღვისპირა დიუნის ყრილში ნაპოვნია გვიანანტიკური ხანის ნივთების განძი, რომელიც შეიცავდა III ს-ის ოქროსა და ვერცხლის რომაული მონეტები.

სახელწოდება

არსებობს თქმულება, რასაც მეცნიერთა ნაწილი ეთანხმება, რომ ურეკი ნიშნავს, ტყიან გაუვალ ადგილს, სადაც მონადირეებს უჭირდათ ნადირობა. მთიან სამეგრელოში არსებული მიკროტოპონიმი "ნა-ეკ-ურ-ა" ამტკიცებს ურეკის განმარტებას, როგორც ღრმა, გაუვალი ადგილისა.





ღირშესანიშნაობები
 
შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი
 
შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი – შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში, შემოქმედის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე , ოზურგეთიდან სამხრეთ- დასავლეთით 7-8 კმ-ის დაშორებით.
 
ლიხაურის ეკლესია
 
ლიხაურის ეკლესია – XII საუკუნის II ნახევრის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია გურიის მხარეში, ს. ლიხაურში.
 
ჯუმათის მთავარანგელოზის ეკლესია
 
ჯუმათის ეკლესია – მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია. მდებარეობს გურიის მხარეში, სოფელ ძირიჯუმათში. ოზურგეთიდან 14 კმ. გურიის ქედზე , მდინარე სუფსის ხეობაში.
 
ჯიხეთის მონასტერი
 
ჯიხეთის მონასტრის ადგილმდებარეობის შესახებ არსებობს ლეგენდა. ჯიხეთის მთაზე, მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იმ ადგილას, სადაც მტრედები დაფრინდნენ, აუშენებიათ ახალი მონასტერი.
 
ასკანის ციხე
 
ასკანის ციხე, თამარის მეფის ციხე – ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე მდინარე სოფელ მთისპირში, (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). ციხეზე გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი IV საუკუნისაა, უახლესი — XIX საუკუნისა. სამეცნიერო ექსპედიცია ციხეზე არასდროს ყოფილა და ის დღედმე შეუსწავლელია.
 
აჭის ეკლესია
 
აჭის ეკლესიის აშენების შესახებ არსებობს ლეგენდა. სოფელ აჭს დევი შეეჩვია, შეწუხებულმა მოსახლეობამ ლოცვით წმინდა გიორგის მიმართა შემწეობისთვის. წმინდანმა დევი მოკლა და გააქვავა, ხოლო მადლიერმა ხალხმა მას ტაძარი აუგო. მდინარე აჭისწყლის პირას ახლაც არის დიდი ლოფი – “დევის ქვა”. ეკლესიის აგება კი ხალხს არ გამოდიოდა. ერთ დღესაც ნახეს მტრედების მიერ დაწყობილი ნაფოტები, რომელსაც ეკლესიის ფორმა ჰქონდა და სწორედ იქ ააშენეს ტაძარი.
აჭის ეკლესიასთან დაკავშირებული წერილობითი წყაროები, რომელთა შორის უძველესი XVI საუკუნის მეორე ნახევრისაა, უმთავრესად შეწირულების ან ნასყიდობის წიგნებია.
 
ვაშნარის ნაქალაქარი
ვაშნარი, ვაშნარის ნაქალაქარი – ადრეული შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი გურიის მხარეში, სოფელ ციხისფერდის ახლოს. გურიის ისტორიული ცენტრი.
ვაშნარი მდებარეობს მდინარეების სკურდუმის და ნატანების შესართავში, შემაღლებულ ადგილას. ვაშნარის ციხე-ქალაქის მშენებლობისა და ძლიერების პერიოდი ისტორიკოსს მკვლევართა მიერ V-VIII საუკუნეებით განისაზღვრება.
 
ბუკის ციხე
 
ციხე მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, მაღალ გორაზე. ამ ადგილებში, ე.წ. გურიის ტბასთან ადამიანი ჯერ კიდევ გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა. ანტიკურ ეპოქაში აქ უკვე ჩნდება ქალაქური ტიპის დასახლება. აღმოჩენილია ანტიკურობისათვის დამახასიათებელი გათლილი კვადრებით ნაგები გალავნის ნაშთები.
 
დაცული ტერიტორიები
კოლხეთის ეროვნული პარკი
 
კოლხეთის ეროვნული პარკის ნამდვილი მშვენება პალიასტომის ტბაა, რომელიც რამდენიმე ათასი წლის წინ შავი ზღვის ყურე იყო. საუკუნეების მანძილზე ზღვის ტალღების მიერ სანაპიროს გასწვრივ გადაადგილებულმა ქვიშის დიუნებმა ლაგუნა ზღვის მარილიან წყალს მოსწყვიტა, ხოლო მდინარე ფიჩორიდან პალიასტომში ჩადინებულმა სუფთა წყალმა ტბა გაამტკნარა და წყლის უხერხემლოებითა და პლანქტონით მდიდარ, სამი მეტრის სიღრმის ბუნებრივ წყალსატევში თევზის მრავალი სახეობისთვის იდეალური საარსებო გარემო შეიქმნა.

 

No comments:

Post a Comment